26 მაისი ევროკავშირის დროშის გარეშე - გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციამ მიიღო

25.05.23 11:41
26 მაისი ევროკავშირის დროშის გარეშე -  გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციამ მიიღო

26 მაისი ევროკავშირის დროშის გარეშე- ირაკლი ღარიბაშვილის გუნდმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ პარლამენტის ფასადზე დამოუკიდებლობის დღეს, ევროკავშირის დროშების ჩანაცვლების გადაწყვეტილება მათ ეკუთვნით.

მთავრობის ადმინისტრაცია ამბობს, რომ შეცვალეს სლოგანიც -"წინ ევროპისკენ!", ახალი ფრაზაა "თავისუფლების სიყვარული".

ევროკავშირის დროშების გაქრობა, ქვეყნის საბოტაჟად შეაფასა სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ. 

ლევან ბეჟაშვილის თქმით, "რუსული ოცნება"  ანტიდასავლური კამპანიის წარმოებას აქტიურად ცდილობს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი წინაღობა სწორედ ხელისუფლებაა.

"ქართული ოცნება, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმბოლოებს და ეს ფაქტიც, სიმბოლურია, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ "ქართული ოცნება", როგორ ცდილობს ანტიდასავლური კამპანიის წარმოებას და მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში არის ევროკავშირი, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მე მგონი საზოგადოებისთვის ეს ჟესტიც, ეს სიმბოლოც უნდა იყოს განმსაზღვრელი, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რეალურად "რუსულ ოცნებას" წარმოადგენს და მთავარი წინაღობა არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების" - ამბობს "ენმ - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი.

პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარის, ზურა ჯაფარიძის თქმით,  2 წელია,  ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს და ბუნებრივია, რომ საქართველოს პარლამენტის ფასადიდან ევროკავშირის დროშები გაქრობა შემთხვევითი არ არის. 

"არ მგონია შემთხვევითობა იყოს, ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები შემთხვევით, მათ შორის თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 წელია ამ ქვეყანაში მიდის უკვე ანტიდასავლური კამპანია, ძალიან ბუნებრივია იფიქრო, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედებები. სამწუხაროა, რომ კახა კუჭავა აღარ გვყავს, რომელიც გამოდიოდა ხოლმე და აღმართავდა ხოლმე ევროკავშირის დროშას. ისინი უარს ვერ იტყვიან ევროკავშირზე იმიტომ, რომ მათი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი, პროდასავლურად და პროევროპულად არის განწყობილი, მაგრამ ნელ-ნელა ცდილობენ ჩაანაცვლონ წარმოდგენა საქართველოს მომავალზე, როგორც ევროპის ნაწილზე, რაღაცა სხვა ტიპის ქვეყნის" - თქვა პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარემ, ზურა ჯაფარიძემ.