ევროკავშირის დროშები საქართველოს რეგიონებშიც გაქრა - გორში ევროკავშირის ჰიმნიც აღარ შესრულდება
ევროკავშირის დროშები საქართველოს რეგიონებშიც გაქრა. წინა წლისგან განსხვავებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არც ევროკავშირის ჰიმნი იქნება.
სამოქალაქო სექტორის აზრით, ევროკავშირის პროგრამიდან ჩახსნა მოსკოვის დაკვეთაა. ფაქტს განსაკუთრებულად მტკივნეულად აფასებენ გორში, რომელმაც 2008 წლის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა. სამოქალაქო აქტივისტების აზრით, მთავარი ხელისუფლებისთვის პუტინის დავალებების შესრულებაა.
"ცენტრალურმა თბილისმა მიიღო მოსკოვიდან ბრძანება, რომ აღარ იყოს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშები ქვეყნის მასშტაბით და არ გაჟღერდეს ევროკავშირის ჰიმნი. განსაკუთრებულად მტკივნეულია გორში, რომელმაც გამოცადა 2008 წელს რუსული აგრესია თავის თავზე, მაგრამ სამწუხაროდ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს, მათთვის მნიშვნელოვანია შეასრულონ პუტინის დავალებები" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, თეო ფანქველაშვილი.