"ხვალ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელისუფლებას ვაჩენოთ, რა არის ქართველი ხალხის არჩევანი" - კუპრაძე
ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე "ოცნების" სიმბოლურ აქტს უწოდებს, რომლითაც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას პრორუსულ კურსს ახვევს თავს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ საჭიროა მარშს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, რომელიც ხვალ გაიმართება, საზოგადოება საქართველოს და ევროკავშირის სიმბოლიკებით შეურთდეს და ასე აჩვენოს ხელისუფლებას მათი არჩევანი.
"ქართულმა ოცნებამ ღიად გადაწყვიტა, რომ საკუთარი ვითომ ნეიტრალური, მაგრამ სინამდვილეში პრორუსული კურსი მოახვიოს საზოგადოებას და ეს სიმბოლური აქტი, ევროკავშირის დროშის გაქრობა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებიდან მიესადაგება სწორედ ამას. ამას სჭირდება შესაბამისი ფორმის მიცემა, ეს ფორმა უნდა იყოს მარში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, რომელიც დაანონსებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან 26 მაისს, ხვალ და ყველას მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ, წამოიღოთ დროშები საქართველოსა და ევროკავშირის და ერთად ვაჩვენოთ ხელისუფლებას თუ რა არის ქართველი ხალხის არჩევანი" - ამბობს "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ მარში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხვალ გაიმართება. მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება.