მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება: რა მიზეზით გაქრა ევროკავშირის დროშები?!
მთავრობის ადმინისტრაცია ევროკავშირის დროშების გაქრობას ეხმაურება. სახელმწიფო ორგანოში ამტკიცებენ, რომ მიზეზი ღონისძიების წლევანდელი სლოგანია. "წინ ევროპისკენ" ჩაანაცვლა ახალმა ფრაზამ - "თავისუფლების სიყვარული".
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 105-ი წლისთავი იზეიმოს მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკით. ეს კი მაშინ ხდება, როცა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.
"წინა წელი გახლდათ თემა ევროპისკენ, როდესაც განაცხადი გაკეთდა სწორედ კანდიდატობაზე. რაც შეეხება წლევანდელ წელს, რადგან გვაქვს თემა თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულით საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, იმ არაჩვეულებრივი ეროვნული სიმბოლიკით, რომლითაც საოცრად გამოიყურება, როგორც დედაქალაქი ასევე მუნიციპალიტეტები. შემოქმედებითი ჯგუფი პასუხისმგებელია ყოველთვის იამზე, თუ რა თემა ექნება იმ დღეს, რომელიც უნდა ვიზეიმოთ, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად საბავშვო ყველა ასაკისთვის გათვლილი, უნდა მოვყვეთ ის ისტორია, რომლითაც ვამაყობთ, ის ღირსება ღირებულება, ფასეულობები, რომელიც ჩვენია და სწორედ ამ ღირებულებებით რა თქმა უნდა ჩვენ მივიწევთ ევროპისკენ. ჩვენი მარკეტინგული გუნდი, რომელიც მუშაობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე 10 წელია და ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუქმნას საზეიმო განწყობა" - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თათა სვანიძე.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისი ევროკავშირის დროშის გარეშე - ირაკლი ღარიბაშვილის გუნდმა დაადასტურა, რომ პარლამენტის ფასადზე დამოუკიდებლობის დღეს, ევროკავშირის დროშების ჩანაცვლების გადაწყვეტილება მათ ეკუთვნით.