უნდათ, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს - პაპუაშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მიმართ მცირედი პატივისცემაც არ გააჩნიათ.
პაპუაშვილი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას ოპოზიციის მიერ მოგონილ არარსებულ პრობლემას უწოდებს და მარშზე, რომელიც ხვალ "ლელოს" ინიციატივით უნდა გაიმართოს, ამბობს, რომ ის ქართველი მოქალაქეებისთვის 26 მაისის ჩასაშხამებლად იმართება.
რაც შეეხება ამ საკითხს, მედიიდან გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ყოფილა მომართვა, როგორც ჩანს, ალბათ წერილით მომმართეს. თავად ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან წერილობით, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. ეს არის საერთოდ იმედგამაცრუებელი და საზოგადოება მგონი, კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებით და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს ადამიანები, როგორც ვხვდები, „ლელო“ არის ინიციატორი ამ წერილის, რომელიც მე არ მიმიღია და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნაზე, პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე, ერთად საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ამავე დროს, გეგმავენ, განსაკუთრებით „ლელოს“ შეეხება ეს, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს. მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდეგ თვითონვე იწყებენ კამათს, თვითონვე ნერვები ეშლებათ და სხვასაც უშლიან ნერვებს. არასერიოზულია საერთოდ ეს დამოკიდებულება. მიკვირს, რომ ამასაც კი არ უფიქრდებიან და იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.