"ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის წიაღში შეათრიონ" - მამუკა ხაზარაძე
"ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის წიაღში შეათრიონ" - პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროკავშირის დროშით ხელში მსვლელობას მიუძღვის.
ხაზარაძე ამბობს, რომ ეს მსვლელობა მოაღალატე, კოლაბორაციონისტი მთავრობის მიმართ გაფრთხილებაა, რომ ხალხი, არ დაუშვებს იმპერიაში დაბრუნებას.
"ეს დღეს ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომის და სისხლის შედეგად მოიტანეს. ეს არის მსვლელობა, რომელიც ასახავს ზუსტად იმ ნებას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნაა. ეს არის იმის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ პატარა ჯგუფის მანიპულაციას, რომ ჩვენი ქვეყანა შეათრიონ რუსეთის წიაღში. ამიტომ, ეს არის გაფრთხილება, შეხსენება, ამ მოაღალატე, კოლაბორაციონისტი მთავრობის მიმართ, იმიტომ, რომ არასდროს, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ დაბრუნდეს იმპერიაში. მე ვუსურვებ ქართველ ხალხს გამარჯვებას და ვუსურვებ უკრაინას გამარჯვებას. ერთხელ და სამუდამოდ ბოროტების იმპერია დაიმსხვრევა და ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი",- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, ქალაქის ცენტრში მსვლელობა მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლის თავზე, ხალხი ქვეყნის ღირსებას ქუჩიდან იცავს. მთავრობამ ევროკავშირის დროშებისთვის დღეს სივრცე ვერ გამონახა, ამიტოომ პარტია "ლელოს" ორგანიზებით, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს მთელ ევროპას თბილისიდან დაანახონ, რომ მათ ნებას მთავრობის ქმედებები არ გამოხატავს.