"როცა მე ვიყავი იქ, სადაც ახლა ნიკა გვარამიაა, ის აკეთებდა ყველაფერს ჩამი თავისუფლებისთვის!" - მელია აქციას შეუერთდა

27.05.23 18:40
"როცა მე ვიყავი იქ, სადაც ახლა ნიკა გვარამიაა, ის აკეთებდა ყველაფერს ჩამი თავისუფლებისთვის!" - მელია აქციას შეუერთდა

"შეუძლებელია, ერთის მხრივ მიისწრაფოდე დასავლეთისკენ და ნორმად აქცევდე პოლიტიკურ პატიმრობას"- ნიკა მელია პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდა. 

"როცა მე ვიყავი იქ, სადაც ახლა ნიკა გვარამიაა, ის აკეთებდა ყველაფერს ჩამი თავისუფლებისთვის!"- უთხრა "პირველებს" ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ. 

ნიკა მელია იმედს გამოთქვამს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მალე გათავისუფლდებიან: 

ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ვალდებულებაა, ვიბრძოლო ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის - როცა მე ვიყავი იქ, სადაც ახლა ნიკა გვარამიაა, ის აკეთებდა ყველაფერს, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს მიღმაც, რომ გავთავისუფლებულიყავი, საერთაშორისო ჩართულობა ყოფილიყო მაღალი და ა.შ. წარმოუდგენელია, ნიკა გვარამია იყოს იქ, სადაც არის. გვარამიას პატიმრობა იქცა საზოგადოების, პოლიტიკური ცხოვრების პრობლემად. 

შეუძლებელია, ერთის მხრივ მიისწრაფოდე დასავლეთისკენ და ნორმად აქცევდე პოლიტიკურ პატიმრობას. ვიმედოვნებ, რომ ნიკა გვარამია ძალიან მალე გათავისუფლდება და გათავისუფლდება ტყვეობიდან მიხეილ სააკაშვილი"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ქვეყნის ევროპულ მომავალზე დაფიქრდება და ქვეყნისთვის სწორ ნაბიჯს გადადგამს. მით უფრო იმ პირობებში, როცა "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ევროკავშირის საბოტაჟით არის დაკავებული": 

სალომე ზურაბიშვილისადმი მაქვს მოლოდინი, თუმცა თავს ვერავინ დადებს. ისტორიული კონტექსტი შეიცვალა, შეიცვალა პრეზიდენტის რიტორიკაც, ის შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან და საერთაშორისო კონტექსტთან რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, მას კარგად ესმის, რამდენად სერიოზულია მისი როლი, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ევროინტეგრაციის საბოტაჟით არის დაკავებული. 

ქალბატონ ზურაბიშვილს "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მაგრამ ამ ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვისაც არჩევანი არ ყოფილა, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო რუსეთისკენ სრული სვლით წაეყვანა"- თქვა მელიამ.