როგორ გადაიქცა ეკა სეფიაშვილი რუსეთის მადიდებლად?
რა კავშირი აქვს რუსული კანონის ავტორ ეკა სეფაშვილს პუტინის ჯილდოს მფლობელთან, რომელიც რუსეთის ხელისუფლებაში დიდი გავლენებით სარგებლობს? - წყარო "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ "ხალხის ძალის" დეპუტატი რუსულ ორბიტაზე მიხეილ მამიაშვილმა გადაიბირა.
მამიაშვილი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, მჭიდრო კავშირებით პუტინთან, რუსეთის მმართველ ელიტასთან და ახლო ნათესაური კავშირით ეკა სეფაშვილთან.
რუსული კანონის ერთ ერთი ავტორი დეპუტატი ეკა სეფაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ევროინტეგრაციის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. ის სამინისტროში, ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, თუმცა დღეს ის ევროპის მაგინებელი და რუსეთისკენ მიმავალი პოლიტიკოსების სიის სათავეში ჩაეწერა.
წყაროს ცნობით, ეკა სეფაშვილის ყოფილი მეუღლე არჩილ მერმანიშვილი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ მამიაშვილის ახლო ნათესავია. სეფაშვილის ქმარი ფაქტს არ მალავს და ადასტურებს იმასაც, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული სპორტსმენისგან პერიოდულად მისი ოჯახი ფინანსურ დახმარებასაც იღებდა.
"შაბათის ეთერის" წყარო ჰყვება, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლიდან 2-3 კვირაში, თბილისში მიხეილ მამიაშვილი იყო ჩამოსული. კონფიდენტი ამტკიცებს, რომ საქართველოში ამ ვიზიტის შემდეგ, ევროინტეგრაციის სამინისტროს თანამშრომლის ეკა სეფაშვილის პოლიტიკური კარიერა დრამატულად შეიცვალა. გია ბარამიძის გუნდის წევრი, "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდა და მალევე პირადად ბიძინა ივანიშვილამდეც მიაღწია.
წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ რუსეთს ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსეთს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ მამიაშვილის თბილისში ვიზიტის შემდეგ, ეკა სეფაშვილი ივანიშვილის გარემოცვაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩრდილში მყოფი ევროპელი ქალი, მოულოდნელად რუსული პროპაგანდის სათავეში მოაქციეს.
- რა როლი ითამაშა, რუსეთის ხელისუფლებასთან ახლო კავშირში მყოფმა მიხეილ მამიაშვილმა, ეკა სეფაშვილის გარდასახვაში?!
- ვისი ზეგავლენით გაიარა მან გზა, ევროინტეგრაციის სამინისტროს მაღალჩინოსნიდან - რუსული კანონის ავტორობამდე?! - "შაბათის ეთერი" მოსკოვში, პუტინის გარემოცვის წევრს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს დაუკავშირდა.
მამიაშვილს ეკა სეფაშვილთან ახლო ნათესაური კავშირი და მისი ოჯახისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ამბავი არ უარუყვია. "შაბათის ეთერთან" საუბრის დროს არც ის უარყო, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოში ნამდვილად იყო.
რაც შეეხება ეკა სეფაშვილს, მან ინტერვიუ პირველი კითხვის შემდეგ შეწყვიტა და "შაბათის ეთერთან" საუბარი არ ისურვა.
ვინ არის ეკა სეფაშვილის მფარველი - მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟი