კობახიძის მტკიცებით, რუსეთთან ფრენების აღდგენას "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა

28.05.23 12:26
კობახიძის მტკიცებით, რუსეთთან ფრენების აღდგენას "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ითხოვა. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამაზე საუბრობდა პუტინი, როდესაც თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტის იმათგან, ვინც ფრენების აღდგენას ითხოვდა. 

რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. პროტესტი ჩვენ არ გამოგვიხატია, თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა ფრენების აღდგენას ის აპროტესტებს, როგორც ჩანს, გულისხმობდა ნაცმოძრაობას.

ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე ნაცმოძრაობა როცა იყო ხელისუფლებაში, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი და ასევე აქტიურად ითხოვდა უვიზო მიმოსვლას. აბა, ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. მან თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტი იმათი მხრიდან, ვინც ამას ითხოვდა. ეს გააპროტესტა ნაცმოძრაობამ და თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე, სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს დაწესებოდა უვიზო მიმოსვლა. უფრო მეტიც, მაშინ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, - ამბობს კობახიძე.