რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ცუდი არაფერია, საკითხი არ გაგვიპროტესტებია - კალაძე

28.05.23 12:42
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ცუდი არაფერია, საკითხი არ გაგვიპროტესტებია - კალაძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მსგავსად, მმართველი პარტიის გენერალური მდივანიც ფიქრობს, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენა ენმ-ს მოთხოვნა იყო. კახა კალაძე ირწმუნება, რომ საქართელოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. 

რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან, დარწმუნებული ვარ, განპირობებული იყო იმით, რომ დღეს ამას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსეთს, რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ., - ამბობს კალაძე. 

კახა კალაძე ასევე ამბობს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლაში პრობლემას ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, საკითხის მოგვარებამ პრობლემა ბევრ მოქალაქეს მოუხსნა. 

"ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა. როგორც იცით, ეს ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო ამ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, დღეს იმის შესაძლებლობაა, რომ არამხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ადამიანები საქართველოში, ან ერევნის გავლით, არამედ პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერია. ასევე ის, რომ ქართველს საქართველოს პასპორტით ექნება საშუალება ვიზის გარეშე წავიდეს რუსეთის ფედერაციაში, ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში პრობლემა არაა",  - თქვა კალაძემ.