პრეზიდენტს უფლებებს უზღუდავენ - პარლამენტი მეორე მოსმენით მდინარაძის პროექტს განიხილავს

29.05.23 11:34
პრეზიდენტს უფლებებს უზღუდავენ - პარლამენტი მეორე მოსმენით მდინარაძის პროექტს განიხილავს

პარლამენტი ამ წუთებში მეორე მოსმენით მამუკა მდინარაძის პროექტს განიხილავს. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის უფლება ერთმევა. ცნობილია, რომ ეს საპასუხისმგებლო მისია მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა ხდება.

ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" 2024 წლის არჩევნების ჩატარება გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით უნდა, ამ ცვლილებით კი  ევროკავშირის რეკომენდაციის ორი პუნქტი ირღვევა. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ  ხელისუფლება  იადვილებს საქმეს, რომ ერთპარტიულად აირჩიოს ისეთი პირები, რომლებიც მათ აწყობთ.

"ირღვევა ევროკავშირის რეკომენდაციის ორი პუნქტი. პირველი, რომელიც ამბობს, რომ შარლ მიშელის სულისკვეთება უნდა იქნეს გათვალისწინებული. პირველ პუნქტში 12 რეკომენდაციისა და მეორე პუნქტი, რომელიც უშუალოდ ეხება საარჩევნო რეფორმას, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს, ვენეციის კომისიის და ეუთო ოდირის რეკომენდაციები. ის, რომ პრეზიდენტს ართმევენ ამ პრეროგატივას და აძლევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ესეც ბუნებრივია ამის შემადგენელი ნაწილია, რომ გაუადვილდეთ ერთპარტიულად ისეთ პირების არჩევა, ვინც მათთვის არის მოსახერხებელი" - ამბობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი არასწორი საკანონმდებლო ჩანაწერი, სწორედ ამიტომ, ვაკუუმის და რისკის თავიდან ასარიდებლად ისინი, ჩანაწერის "გასწორებას" ცდილობენ.

"უმთავრესი ბუნებრივია აქ არის ის, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობდეს შეუფერხებლად და არ ჰქონდეს მას არანაირი, არც საკანონმდებლო და არც პრაქტიკაში რაიმე ვაკუუმის საფრთხე და რისკი, შესაბამისად ეს საკანონმდებლო შემოთავაზებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს და ერთგვარად ბუნებრივია ამ საკანონმდებლო არასწორ ჩანაწერს და არასამართლიანი ჩანაწერის გასწორებას" - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური.