"ვერ გაიცნეს პრეზიდენტი" - ზურაბიშვილის გუნდის პასუხი "ოცნებას"
"ქართული ოცნების" კრიტიკულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის გუნდში პასუხობენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიცნო. გიორგი მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი დამოუკიდებელია და გააკეთებს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ფიქრობს, რომ განცხადება, რომელიც დღეს "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა, იმ უპატივცემულობის გადასაფარად გაკეთდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 მაისს მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით. მსხილაძე ამბობს, რომ "ოცნება" ზურაბიშვილის კრიტიკას ვერ იღებს.
ალბათ ვერ გაიცნეს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ. არ მგონია, რომ ეს როგორც გაფრთხილება, ისე ყოფილიყო. შემიძლია მეტი გითხრათ, ეს ალბათ უფრო იყო იმის გადაფარვის მცდელობა, რაც მათ 26 მაისს ჩაიდინეს და გაოიჩინეს, უპატივცემლობა პრეზიდენტის მიმართ. მე არ მგონია, რომ ეს შეძლონ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე. უბრალოდ, „ქართულ ოცნება“ ვერ იღებს პრეზიდენტის კრიტიკას. პრეზიდენტი რასაც და როგორც ჩათვლის საჭიროდ, გააკეთებს იმას ქვეყნის საკეთილდღეოდ. განცხადებაში იყო, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან დაიცავს ასე ვთქვათ, პრეზიდენტს "ქართული ოცნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი საზოგადოებას არ ყოფს, - ამბობს გიორგი მსხილაძე.