"ოცნება" პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ თუ პოლიტპატიმრებს შეიწყალებს, ხალხს აუმხედრებს - ანა აბაშიძე
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას პრეზიდენტის დაშინების მცდელობად აფასებს. ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახლა სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ექსკლუზიური უფლება და არ შეიწყალოს პოლიტპატიმრები.
"ქალბატონ პრეზიდენტს დღეს, რაც ექსკლუზიურად შეუძლია მთავარი, ეს არის შეიწყალოს უსამართლო პატიმრები, ამიტომ ჩემი აზრით, პრევენციული განცხადებაა უფრო დაშინების ფორმატში გაკეთებული, რომ შენ თუ ამას გააკეთებ, ქართველ ხალხს აგიმხედრებ. ვინც აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას" ყოველთვის უპირისპირებენ, ხან ხალხის ძალას, ხან ხალხზე მანიპულაციის გზით აგრესიის მატებას, - ამბობს ანა აბაშიძე.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც პრეზიდენტი მორიგ ჯერზე გააკრიტიკა. მმართველი პარტია წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიკერძოეუბულია, მისი განცხადებები კი არაობიექტური.