პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს - მამუკა მდინარაძე
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ დაპირისპირების საფუძველს აძლევს, თუმცა, როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მმართველი პარტია პრეზიდენტთან დაპირისპირებაში შესვლას არ აპირებს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის განცხადებების უკან გარკვეული გეგმები იკითხება. მდინარაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხალაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ პროტოკოლზე ვსაუბრობთ, ადმინისტრაციის უფროსი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ უნდა პასუხობდეს.
ჩვენ პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. შეიძლება ვიღაცების მიზანი იყოს ის, რომ ჩვენ პრეზიდენტთან აქტიური დაპირისპირება გვქონდეს. სიტყვა „ვიღაცებს“ შემთხვევით არ ვამბობ, არც პრეზიდენტზე ვსაუბრობ. პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს, თავის გამოსვლაში მსგავსი საკითხები უხვად დაარიგა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ამის უკან გარკვეული გეგმები იკითხება, რომელთა აღსრულებაში ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.