ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს - კობახიძე
ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
კობახიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს საქართველოს ხელისუფლება, რადგან "ოცნების" თავმჯდოამრის თქმით, ეს ქვეყანას ეკონომიკურად ძალიან დააზიანებს.
"ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო პრინციპში ერთგვარი სიურპრიზი. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას. ნულოვანი იქნებოდა ეკონომიკური ზიანი და პოლიტიკური მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის მაგრამ, ჩვენთვის ეკონომიკური ზიანი იქნებოდა უმძიმესი. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ 200-300 მილიონად ყიდით ღირსებასო, ასეთი კითხვა დაისვა. პირველ რიგში ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, მაგრამ ვკითხოთ ხალხს, მაგალითად უნდათ თუ არა, აჭარაში ჩვენს მოქალაქეებს, რომ შვილებს დაუტოვონ ვალები, მიიღონ უმძიმესი ეკონომიკური შედეგი, შერჩეთ მათ შვილებს მამუკა ხაზარაძის ვალები, რომელიც დღეს ასე აქტიურად ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის" - აღნიშნა ირაკლი კობახიძე.