"მავნებლური ისტერია" - ილია დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ პრემიერი ბერლინში სამუშაო ვიზიტით მიდის
საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ პრემიერი ბერლინში არ დაუბარებიათ და ის იქ სამუშაო ვიზით მიემგზავრება. ილია დარჩიაშვილი ოპოზიციის შეფასებებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის დედაქალაქში თავად კანცლერმა დაიბარა, მავნებლურ უწოდებს.
საგარეულო უწყების ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას და ზოგიერთ მედიასაშუალებებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყვათ.
მინდა გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციურ ტელეარხებზე მიმდინარე ისტერიას, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტს ბერლინში.
საკითხი არის შემდეგნაირად: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და მე მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ოფიციალური ვიზიტით ბერლინში.
ჩვენ გვახსოვს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და დინამიკა, რომელიც შეიქმნა ამ ურთიერთობებიდან. ამ დინამიკის გაგრძელებაა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება ბერლინში სამუშაო ვიზიტით.
მე მგონია, რომ ასეთი გაუგებარი და მავნებლური რეაქცია, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ გერმანია იქცა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, რომელიც ხმამაღლა საუბრობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
მე მოვუწოდებ ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული შეფასებებისას ნუ შეჰყავთ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში და ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.