ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის ინსტრუმენტი - ოპოზიციის ერთობლივი მიმართვა ნატოს წევრ ქვეყნებს
"ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას", - პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მიმართვის ადრესატები ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან.
ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად უმნიშვნელოვანესია ნატო-ში გაწევრიანება. აღნიშნავენ, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში.
წერილის შინაარსთან დაკავშირებით ინფორმაცია ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარესაც მიაწოდეს და ამ დრომდე მისგან განცხადებაზე შეერთების შესახებ თანხმობა არ მიუღიათ.
ერთიანი ვართ საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს:
1. ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას;
2. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიალური მთლიანობისთვის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ; მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ტერორისტული და ღია სამხედრო აგრესიის გაგრძელება; და სამომავლოდ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში;
3. მივესალმებით ნატოს განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას, რითაც დადასტურდა ორგანიზაციის “ღია კარის” პოლიტიკისადმი ერთგულება; გამეორებულ იქნა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება; და რუსეთს უარი ეთქვა შექმნას საკუთარი გავლენის სფეროები და დაამყაროს პირდაპირი კონტროლი მეზობლებზე „ძალადობის, სუბვერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით“.;
4.გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, გადაეცეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მუშაობა „მთლიანობის და მედეგობის შესაქმნელად, განავითაროს შესაძლებლობები და განამტკიცოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა“;
5. მივესალმებით ნატოს გადაწყვეტილებას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ფინეთის და უახლოეს მომავალში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს ისტორიული პრეცენდენტი გახდება მომავალი წევრების ნატოში გაწევრიანების პრაქტიკული განზომილება, მათ შორის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე;
6.ხაზგასმით აღვნიშნავთ ვილნიუსის სამიტზე და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით, და ამ მიზნით კონკრეტულ, პროცედურულ ნაბიჯებზე შეთანხმების აუცილებლობას;
7. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინსვლას საბოლოო წევრობის უზრუნველსაყოფად", - წერია ერთობლივ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.