თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე - სასამართლომ თარაშ კანდელაკი სხეულის განზრახ დაზიანებაში უდანაშაულოდ ცნო

16.06.23 14:29
თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე - სასამართლომ თარაშ კანდელაკი სხეულის განზრახ დაზიანებაში უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ, ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეში, გორელი ბიზნესმენის შვილი, თარაშ კანდელაკი 117-ე მუხლის პირველ ნაწილში, თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანება, უდანაშაულოდ ცნო, ხოლო 126-ე ძალადობის მუხლის პირველ ნაწილში, მას 8 თვით და 25 დღით მიესაჯა პატიმრობა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის პროტესტი მოყვა. ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ გიორგი კანდელაკმა თავისი გავლენები გამოიყენა და მტკიცებულებების ნაწილი გაანადგურა, ნაწილი კი გააყალბა. ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.

"რაღაცას ვებღაუჭებოდით, რომ იქნება სამართალს ეზეიმა და ეს არ მომხდარიყო, რომ ამ ბავშვისნაირად კიდევ სხვები არ დაიღუპნენ. ასე გაიწელა, ვინაიდან თვითონ კანდელაკმა, რა თქმა უნდა, სპეციალურად, ჯერ იქ იყო საავადმყოფოში, ბავშვი ფაქტობრივად აღარ იყო და აცოცხლეს ვითომ ბავშვი, მაგრამ ბავშვი 3 თვე გარდაცვლილი იყო და როგორც უნდოდათ ისე წაიყვანეს. სად წავიდა იმ ბავშვის სისხლიანი საროჩკები, ათასი რამე არის წვრილმანები და ყველაფერი მოასპეს იმ წუთში. სად არის ის კამერები, სად არის ის რაც იყო იქ ექსპერტიზას, საერთოდ ექსპერტიზა არ გვაქვს. ვინ იყვნენ, რამდენი იყო, ვინ სცემა, მარტო ერთი ხომ არ იყო. სამართალი რომ გვეპოვა მაშინვე გაასამართლებდნენ, რა თქმა უნდა, ასე არ გაჯანჯლდებოდა საქმე, როგორც ერეკლეს საქმე გაჯანჯლდა"- ამბობს ოჯახი.

ახლა გარდაცვლილი ბიჭის მამას აინტერესებს, ვინ დაარტყა მაშინ მის შვილს და ვინ არის დამნაშავე  ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალებაში.

"მე ვერ გავიგე, ვინ მოკლა მაშინ ჩემი შვილი, ვინ დაარტყა, ვინ სცემა, იმან არა, მა ვინ?! მე სასამართლოზე ვერ გავიგე, რამ გამოიწვია ერეკლე თედლიაშვილი ასეთი ტრავმა. თუ იმან არ დაარტყა მა ვინ დაარტყა?!- ამბობს მამა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილს, თარაშ კანდელაკს 19 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებოდნენ. თედლიაშვილი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 2020 წლის 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

შემთხვევა 2020 წლის ზაფხულში, 8 ივნისს, რესტორან "ჟოზეფში" მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილს მძიმე დაზიანებები სწორედ თარაშ კანდელაკმა მიაყენა.

 

მსგავსი სიახლეები