კობახიძის ლექციის პარალელურად გამართულ აქციაზე ნაცემ სტუდენტს ექსპერტიზა უტარდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად გამართულ აქციაზე ნაცემ სტუდენტს ექსპერტიზა უტარდება. ლუკა შველიძე ამ დროისთვის სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში ადვოკატთან ერთად იმყოფება.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა დაზიანებები მიიღო მან თსუ-ში ჯერ კიბეებიდან დაგორებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ.
თსუ-ში დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა - აქციის მონაწილე სტუდენტს, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდა უცნობი პირები თავს დაესხნენ, ურტყეს და კიბეებიდან დააგორეს.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ირაკლი კობახიძის მიერ იყვნენ ორგანიზებული.
გუშინ მივეცი ჩვენება, ვინ იყვნენ მოძალადეები, რომ ამოცნობა შემიძლია. აღვწერე ეს პიროვნებები. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ კობახიძის ზონდერ ჯგუფს, რომლებიც ნებისმიერი სტუდენტური პროტესტის გამოხატვის დროს მოდიან და თავს გვესხმიან. ეს არ არის პირველიშემტხვევა - ყოველთვის ასეა. კობახიძეს ჰყავს ორი დაჯგუფება - ერთი, რომელიც სამთავრობო ტელევიზიებს ეწერება და გვლანძღავს, ხოლო მეორე დაჯგუფება, რომელიც ფიზიკურად გვისწორდება,“ - ამბობს ლუკა შველიძე.
თავდასხმების სერია ხეჩინაშვილის კლინიკაშიც გაგრძელდა. ნაცემი სტუდენტი ამტკიცებს, რომ მასთან პალატაში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული იარაღიანი პირი შევიდა. ლუკა შველიძე ამტკიცებს, რომ მისი პირადი ინფორმაციის მოპოვება მერიის თანამშორმელს სურდა. თსუ-ს სტუდენტი, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებმა სასტიკად სცემეს, იხსენებს, რომ უცნობი მამაკაცი მას პოლიციელად გაეცნო და ასევე ამბობს, რომ პირი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომაროებაში იმყოფებოდა.