სებ-ის დაკომპლექტება ჩიხშია - "ოცნება" პრეზიდენტის კანდიდატებს ბლოკავს
საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. ქართული ოცნების გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებლად დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატიდან ერთერთი ოპოზიციურ ძალასთან არის დაკავშირებული.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს თავს ესხმის და აკრიტიკებს იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ისე წარუდგინა სებ-ის საბჭოს ორი კანდიდატი, რომ დეპუტატებთან კონსულტაცია არ გაუვლია.
ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა-როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ.
კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს წარდგენა. ჩვენ კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“, - განაცხადა კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს კანდიდატად პარლამენტს განსახილველად ორი კანდიდატი წინა კვირას გადაუგზავნა. დღეს მათი კანდიდატურები ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, თმცა, ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებიდან ცხადია, რომ კონკურსი ამჯერადაც ჩავარდება.
სებ-ის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტს და ქართულ ოცნებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება - მათ შორის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის შანტაჯში ამხილა.