ოპოზიცია არ არსებობს, განადგურებულია - კალაძე
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია განადგურებულია - ეს განცხადება ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.
თბილისის მერმა ეს შეფასება ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გააკეთა. კალაძე ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერი სახელისუფლებო გუნდს ჰყავს.
მგონია, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია არის განადგურებული და ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი ქმედებებიდან გამომდინარე. მათი გადადგმული ნაბიჯის შედეგია ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ოპოზიციურ ფლანგზე. არ ვიცი ახლა, გაერთიანდებიან, დაიშლებიან, თუ ცალკეულ პარტიებად გამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. როგორც უნდათ ისე იმოქმედონ და რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ქვეყანაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს არის ის გუნდი, რომელმაც ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა, სიმშვიდე, ამას მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ,“ - განაცხადა კალაძემ.