მონები იაფად - პერფორმანსი სასამართლოში
"მონები იაფად" - სამოქალაქო აქტივისტებმა ეს ჩანაწერი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჩართეს. პერფორმანსი მაშინ გაჟღერდა, როცა მოსამართლე დარბაზში არ იმყოფებოდა.
ვიდეოს "აფხაზური ამბების" ხელმძღვანელი, გელა ხასია ავრცელებს.
ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იმ აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს, რომლებმაც, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის ვიზიტი გააპროტესტა.
სასამართლო პოლიციელებს კითხავს. მხარეების კითხვებს ის სამართალდამცავები პასუხობენ, რომლებმაც ყვარელში აქციის მონაწილეები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სანქცირებული ლავროვის შვილის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ.
სასამართლო სხდომაზე პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, რომ დაიკითხონ კრიმინალური პოლიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც დაკავებებში მონაწილეობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკა ნარსიას შემთხვევაში მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვეს, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.