მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით - გიორგი ვაშაძე მაღაროელების პროტესტზე
“ის რაც დღეს ჭიათურაში ხდება არის უდიდესი უსამართლობა და ხელისუფლების უდიდესი სირცხვილი"- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მაღაროელების პროტესტს.
გიორგი ვაშაძე მზადყოფნას გამოთქვამს, გაფიცულებს შეხვდეს და მათ გვერდით დაუდგეს:
მაღაროელები მეთოთხმეტე დღეა პროტესტის უკიდურესი ფორმებით სრულიად სამართლიანად ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, რასაც ნამდვილად იმსახურებენ და სირცხვილია ხელისუფლების ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებითაც ექცევა ამ ხალხს.
ყველამ კარგად ვიცით, წლებია ჭიათურიდან მილიარდობით დოლარის მანგანუმი გადის ექსპორტზე და ამ დროს ჭიათურას და მაღაროელებს რა სარგებელი? - საერთოდ არაფერი.
ხუთი წელია “ქართული ოცნების” დანიშნული ადამიანი მართავს კომპანიას, წლებია მაღაროელებს უწევთ უმძიმეს პირობებში მუშაობა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად და ხელისუფლება ნაცვლად მათი დახმარებისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნისა, აუარესებს მათ ყოფას, უმატებს სამუშაო საათებს და ურცხვად აგრძელებს ამ ადამიანების ოჯახების ძარცვას.
სწორედ ამიტომ, ნება იბოძოს ხელისუფლებამ, შეხვდნენ ამ ადამიანებს და დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ მათი ყველა მოთხოვნა!
მე ჩემი მხრიდან მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით მათ“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე