"შიმშილობა იქნება უვადო" - გაფიცული ჭიათურელების ულტიმატუმი
"შიმშილობა იქნება უვადო" - გაფიცული ჭიათურელების პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა. ამ წუთებში ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები პარლამენტის წინ აქციას მართავენ და კომპანიას და ხელისუფლებას გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ დღის ბოლომდე პასუხი არ ექნებათ, ისნი პარლამენტის წინ შიმშილობას დაიწყებენ.
თუ არ იქნება რამე დიალოგზე წამოსვლა, დრის ბოლოდასნ დავიწყებთ შიმშილობას, იმედია, გვექნება იმის საშუალება, რომ „პალატკა“ გავშალოთ ან უბრალოდ სადმე იყოს ისეთი ადგილი, რომ ადამიანურ პირობებში მოხდეს ეს ყველაფერი. გარკვეული ადამიანების ჯგუფი დაჯდება საშიმშილოდ, დანარჩენი მათ გვერდით ვიქნებით და შიმშილობა იქნება უვადო. არ ვაპირებთ. აქედან ისე წავიდეთ, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დავტოვოთ. ჩვენ ან ვეწირებით ამ საქმეს, ან უნდა გადავარჩინოთ ჭიათურა,“ - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.
ამ დროისთვის პროტესტის ორი ლოკაცია რჩება - გაფიცული მაღაროელები აქციას მართავენ, როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უერთდებიან.
ჭიათურიდან თბილისში ჩამოსული აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ კომპანიას ხელფასს არ ზრდის. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადებას, დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას, შვებულებით სარგებლობის უფლებას, ტექნიკურ განახლებას, ულუფის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გაკონტროლებას ითხოვენ.