თუ მაღაროელებს არ დაეხმარებიან, მთელი ქალაქი თვალებამოკერილი ვივლით - ჭიათურა დიდი პროტესტის ზღვარზეა
დიდი პროტესტის ზღვარზეა ჭიათურაც - "თუ მაღაროელებს არ დაეხმარებიან, მთელი ქალაქი თვალებამოკერილი ვივლით" - ასეთია გზავნილი ქალაქიდან, სადაც ადამიანები გაფიცული მუშების უფლებების დაცვას ითხოვენ. შეთანხმება ვერ შედგა. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს სრულად არ აკმაყოფილებს, ადგილობრივი ხელისუფლება შუამავლის როლს არ ასრულებს, მაღაროელების პროტესტმა კი უკიდურეს ფორმას მიაღწია.
აქციის ერთმა მონაწილემ თვალები ამოიკერა, მეორემ კი პირი. პროტესტის 14-ე და შიმშილობის 8-ე დღეს გაფიცულები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ, რადგან შეურაცხმყოფელია ის წინადადებები, რაც კომპანიამ შესთავაზა. მაღაროელებს, რომლებიც ყოველ დღე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ, ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არ აქვთ. ხელფასები იმდენად მცირეა,რომ თვიდან თვემდე ოჯახების საკვებით მომარაგებაც კი არ შეუძლიათ.