"სწორი უქნიათ თუ არ მივიდნენ" - კალაძე მისი მოადგილეების საკრებულოში არმისვლაზე
კახა კალაძე მისი მოადგილეების გადაწყვეტილებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან დაბარების მიუხედავად საკრებულოს სხდომაზე არ მივიდნენ, სწორს უწოდებს.
კალაძის თქმით, „თბილისის მერია ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას არ აპირებს“.
„სწორი უქნიათ, თუ არ მივიდნენ, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში თუ რაიმე კითხვა არსებობს, პასუხი გაეცემა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებას ცდილობენ, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, ადამიანების ჯანმრთელობა. მათი მთავარი მიზანია, როგორმე რაღაც მოაწყონ, შოუ გააკეთონ. ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. მიმდინარეობს გამოძიება, თუ საჭირო გახდება, რომ ვინმე დაიკითხოს და ვინმემ კითხვებზე პასუხი გასცეს, ამისთვის ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა. ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას თბილისის მერია არ აპირებს“, - განაცხადა კალაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ფრაქციის სხდომაზე დაბარებული ჰყავდათ თბილისის მერის მოადგილეები, ირაკლი ხმალაძე და ირაკლი ბენდელიანი, თუმცა ისინი სხდომაზე არ მივიდნენ.