დემოკრატია იმ ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობს, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ - ომბუდსმენი ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხმიანება
სახალხო დამცველი "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარეზე თავდასხმას ეხმიანება - მიუხედავად იმისა, რომ ლევან ბერძენიშვილმა თავდასხმა დაადასტურა, არსებობს თვითმხილველთა კომენტარი, ლევან იოსელიანი მაინც წერს, რომ ეს გავრცელებული ინფორმაციაა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ "აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას".
იოსელიანი მოუწოდებს სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე.
ლევან იოსელიანის თქმით, დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ.
ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე"- წერს იოსელიანი.
"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარეს ჩასაფრება ქალაქის ცენტრში მაშინ მოუწყვეს, როცა პროფესორი უნივერსიტეტიდან გამოდიოდა.
თავდასხმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ათობით სათვალთვალო კამერის წინ მაშინ მოხდა. თავდამსხმელი, რომელმაც ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა და აგინა, 35 წლამდე კაცია.