ხელისუფლების წარმომადგენლები ღია თუ ირიბი მხარდაჭერით თვითონ არიან ასეთი ძალადობის უკან - ნანუაშვილი
თავდასხმა ლევან ბერძენიშვილზე და დაგვიანებით დაწყებული გამოძიება - ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავების უმოქმედობას კრიტიკულად აფასებს.
ის, რომ პოლიციამ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება არ დაიწყო და ჭავჭავაძის გამზირზე, შემტხვევის ადგილიდან ვიდეოკამერებიდან მასალა დაუყოვნებლივ არ ამოიღო, ნანუაშვილისთვის დამადასტურებელია, რომ ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არის წახალისებული.
უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივ გამოძიება, ამოღება ვიდეომასალების. ის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მყისიერი რეაგირება არ მოხდა, ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ასეთი დანაშაულის აღმოფხვრით. პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ, ღია თუ ირიბი მხარდაჭერით თვითონ არიან ასეთი ძალადობის უკან, ახალისებენ მსგავს ძალადობას,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ლევან ბერძენიშვილს თავს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტიდან გამოსვლის დროს დაესხნენ. თავდასხმა ჭავჭავაძის გამზირზე ათობით სათვალთვალო კამერის წინ მოხდა.
თავდამსხმელი, რომელმაც ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა და აგინა, 35 წლამდე კაცია. "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თავდასხმა წინასწარ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.