სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და უცხოელმა ლობისტებმა შექმნილი მასკარადისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ - პრემიერი

21.06.23 12:28
სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და უცხოელმა ლობისტებმა  შექმნილი მასკარადისთვის  ბოდიში უნდა მოიხადონ - პრემიერი

პრემიერი ისევ ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობა დადგმული სპექტაკლი და მასკარადი იყო. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამისთვის ექსპრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს და საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. 

„მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა. შეგახსენებთ, რომ იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარდგა როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა მას უკრაინულ ენაზე ესაუბრა. ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მე მგონი, მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს. სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა მან, ამის შემდეგ, რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას. ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი მარტივი ასე ვთქვათ, სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები.

პრემიერის მტკიცებით, სააკაშილმა კრაგდ ყოფნა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყვიტა. პრემიერის თქმით, ამაში მას ხელს უცხოელი ლობისტები და აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენელი იყო ჩართული, რითაც ქართულ სახელმწიფოს ზიანი მიაყენეს. 

ე.ი. მას შემდეგ, რაც მან სტრასბურგის სასამართლოდან საბოლოოდ მიიღო უარი, რომ შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაციები, სიმულაციები, გადაწყვიტა, რომ არის კარგად. მე მგონი, საზოგადოების არცერთ წევრს დღეს უკვე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, კითხვები აღარ რჩება. სააკაშვილის თემაზე მე საუბარი ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, მე მინდა ერთი რამ ვთქვა - ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა და არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ, მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვნახეთ ჩვენ, რომლებიც იცავდნენ მის ამ სპექტაკლს, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას, იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში. დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც დაასრულა ეს მასკარადი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები