მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში შეგვეძლო - 11 რეკომენდაცია შევასრულეთ - პრემიერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ოპტიმისტურად უყურებს.
როგორც ღარიბაშვილმა მედიას განუცხადა, ხელისუფლებამ 11 რეკომენდაცია შეასრულა. რაც შეეხება მე-12 რეკომენდაციას - პოლარიზაციის დასრულებას, პრემიერის მტკიცებით, მათი მხრიდან ყველაფერი კეთდება.
პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის საბოტაჟი მოახდინა.
„ჩვენ ჩვენი შეფასებით, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში შეგვეძლო. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად, ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას, პრინციპულად არ მიიღეს მონაწილეობა არც ერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი. ამაზე უნდა დაუსვათ კითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებს, უფრო სწორად, თქვენი გუნდის წევრებს. თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას. თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ორი ქვეყნისგან საქართველოს გამოყოფა სტარატეგიული შეცდომა იქნება:
მოცემულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. ასეთ ვითარებაში, მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოს გამოყოფა იქნება სტარატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის დასავლეთის არც ჩვენს ინტერესებში. მე ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო და თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.