ქალი დეპუტატები პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს

21.06.23 14:28
ქალი დეპუტატები პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს

 ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია და თამარ კორძაია პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები ქართულ კულტურასა და მუსიკაში რუსულ გავლენას გაზრდის.

„ეს არის რუსული ფულის ჩადება საქართველოში, რუსეთის მცდელობა დაიმორჩილოს ჩვენი სახელოვნებო სფერო, რაც შეიძლება მეტო ფული წავიდეს რუსეთში და მეტი ფული შემოვიდეს რუსეთიდან. დიდი იმედი მაქვს ოპოზიცია ერთიანი იქნება ამ საკითხზე, ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფო წესით შეჩერდეს მისი განხილვა. როცა არ გაუვიდათ ერთი მთავარი რუსული კანონის მიღება, ახლა ცდილობენ ყველა სფერო სათითაოდ დაიმორჩილონ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

თეონა აქუბარდიას თქმით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული მეთოდებით ახორციელებს ბრძოლას და ამის ნაწილია ეს კანონპროექტიც.

„სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროში არიან უწოდებენ ამ კანონს ინტელექტის ოკუპაციას. ყველამ იცის, რომ რუსული სამყარო თავის გავლენებს ახორციელებს კულტურის სფეროში და მიმდინარეობს უკვე ოკუპაცია ინტელექტის მიმართულებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული მეთოდებით ახორციელებს ბრძოლას და ამის ნაწილია ესეც“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები