"ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს კენჭს აღარ უყრის
"ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს კენჭს აღარ უყრის - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით ამ ეტაპზე არ მიიღებს.
კობახიძემ თქვა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტისას ბრიუსელში დააყენეს თხოვნა, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენით მმართველ გუნდს არ მიეღო, რასაც, ითვალისწინებენ.
"ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული ამ ეტაპზე ეს კანონი, შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყოველ შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით, გვაინტერესებს მოიხსნება თუ არა ეს საკითხი, დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას, მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას", - თქვა კობახიძემ.
კენჭისყრა მომდევნო კვირას იყო დაგეგმილი.