ვაზიანის ბაზის შესაძლო გაუქმება - თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოქმედთან კითხვები აქვს

21.06.23 17:20
ვაზიანის ბაზის შესაძლო გაუქმება - თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოქმედთან კითხვები აქვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პასუხი მოქმედს - ვაზიანის ბაზის სავარაუდო გაუქმების საკითხზე თინა ხიდაშელს ჯუანშერ ბურჭულაძესთან ბევრი კითხვა აქვს.

"საზოგადოებასთან სიტყვებით თამაშის ნაცვლად არგუმენტებია საჭირო"- თავდაცვის ექს-მინისტრი მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვს, როგორ აპირებენ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ნაცვლად იქ აეროპორტის აშენებას ისე, რომ თბილისმა თავდაცვისუნარიანობა შეინარჩუნოს.

ხიდაშელი მთავარობის მოქმედ შემადგენლობას საბავშვო ბაღს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი სახელმწიფოებრიობაზე თამაშობენ და გადაწყვეტილებებს ისე იღებენ.

"ვაზიანის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით რა გეგმა აქვთ? ანუ, რა ტიპის შეზღუდვა განხორციელდება, რა ტიპის მოდიფიკაციას დაექვემდებარება. იმიტომ, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ აბსოლუტურად არაფერი შეიცვალება, არასერიოზულია და ამას არვინ დაიჯერებს. სიტყვებით თამაში არ გვინდა. თავდაცვის მინისტრის ნებისმიერ განცხადებას დამაჯერებლური იქნება, როდესაც ის იქნება გამყარებული დოკუმენტაციით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ასეთ არასერიოზულ ადამიანებთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივი საბავშვო ბაღია, თამაშობენ სახელმწიფოებრიობაზე და ისე იღებენ გადაწყვეტილებას.

ამ ტიპის გადაწყვეტილებებს არცერთი ნორმალური ქვეყანა არ იღებს მხოლოდ ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. ბევრჯერ უთქვამთ ჩვენი მთავრობისთვის ჩვენ პარტნიორებს და გავუმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დონორებით არ იზომება. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს დედაქალაქის უსაფრთხოების საკითხი, დედაქალაქის თავდაცვისუნარიანობის საკითხთან რამე კორექტივები შედის თუ არა და ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ აეროპორტზე. ყველაფერი, რაც ქართული სახელმწიფო ინტერესებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს არის პირდაპირ ვლადიმერ პუტინის დღის წესრიგით მოქმედება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება იმიტომ, რომ ვიღაცა მართლა ინსტრუქციის ქვეშ არის, თუ იმიტომ რომ უბრალოდ ვიღაცას გონიერება და პროფესიონალიზმი არ ყოფნის რომ სხვანაირად მოიქცეს". - ამბობს თინა ხიდაშელი.


 

მსგავსი სიახლეები