კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს - „ღირსეული შრომის პლატფორმა“
"კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს" - „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მიმართვას ავრცელებს.
პლატფორმა, რომელიც დამოუკიდებელ პროფკავშირებს, ადამიანის უფლებების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს აერთიანებს, საქართველოს მთავრობას მიმართავს და ჭიათურელი მაღაროელების პრობლემების რეალურად დაინტერესებისა და გადაჭრისკენ მოუწოდებს.
პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰყვეს; იმოქმედოს დაუყოვნებლივ და ეფექტურად, რათა კომპანიამ შეასრულოს მაღაროელებთან კოლექტიური ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომ დაკმაყოფილდეს ჭიათურელი მაღაროელების ბაზისური და სამართლიანი მოთხოვნები;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
გაააქტიუროს და არსობრივად წარმართოს მედიაციის პროცესი; პროტესტის მიმდინარეობისას უზრუნველყოს მოშიმშილე და თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი მაღაროელების მუდმივი სამედიცინო კონტროლი შიმშილობისა და პროტესტის სხვა ფორმებით გამოწვეული თანხმლები გართულებების თავიდან აცილების მიზნით," - წერია მიმართვაში.
განცხადებას ხელს 8 ორგანიზაცია აწერს - „ღია საზოგადოების ფონდი“, „ერთობა 2013“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „Სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოლიდარობის ქსელი“, „მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი“ და „გილდია“.