სასამართლო, კორუფცია, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა - მთავარი საკითხები, რაზეც საქართველოს მუშაობა მოუწევს
სასამართლო, კორუფცია, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვა რეფორმებში, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, - ეს არის ის მთავარი საკითხები, რაც საქართველომ ევროკომისიის მიერ დაკისრებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით უნდა გადადგას.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სასამართლო რეფორმის გატარებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის გამოყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხი.
მთავარ გზავნილებს შორის იყო ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის საკითხიც, რადგან ახლადშექმნილი ბიურო ახლა მთავრობას და პრემიერს ექვემდებარება და ოლივერ ვარჰეის თქმით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება.
უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება.
ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.