მედია მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები - ვარჰეის შეფასებით, საქართველოს პროგრესი არ აქვს
"დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. რაც შეეხება მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრეს," - ამის შესახებ განცხადება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გააკეთა.
ვარჰეიმ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრისას პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანამ მედია პლურალიზმი ვერ დაიცვა.
დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ თავის უკანასკნელ რეკომენდაციაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მე მივესალმები გუშინ და გუშინწინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს კანონის მიღებაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სისტემურ მიდგომას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერების მიმართულებით.
რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრეს. იმისთვის, რომ ეს პუნქტი შეასრულოს, საქართველომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილები უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან უნდა გაზარდოს როგორც ჟურნალისტების, ასევე, მედია ორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.