ნიკა გვარამია "მთავარი არხში" მივიდა
ნიკა გვარამია "მთავარი არხში" მივიდა. მას შენობის ეზოში თანამშრომლები და მეგობრები ოვაციებით შეხვდნენ.
ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულების შემდეგ განაცხადა, რომ ის მთავარ არხს აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა, როგორი იქნება მისი პარტნიორობა არხთან, დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.
ვერ წარმოგიდგენიათ როგორ ომს აწამოებთ და უთანასწორო ომში რამხელა უპირატესობით იგებთ - მართალია ხელ-ფეხი არ გაქვთ ჩამოშვებული, მაგრამ არცერთი წამით არ დაუშვათ, რომ რაღაც თვალსაზრისით მაინც რამეში წააგეთ,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. პრეზიდენტმა ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).