ეროვნული ბანკის საბჭომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, ვინ იქნებოდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი - პაპუაშვილი
ეროვნული ბანკის საბჭომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, ვინ იქნებოდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სებ-ში ნათია თურნავას ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას.
შალვა პაპუაშვილისთვის ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია და თვლის, რომ თურნავას არჩევაში ეროვნული ბანკის საბჭოს გარდა სხვა პირები არ მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩევას, ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. ამ შემთხვევაში სრული მკაფიოობა არის, თუ რა პროცედურით ხდება უფლებამოსილების შემსრულებლის განსაზღვრა. აქამდე, მინდობილი იყო სრულად ეროვნული ბანკის შიდა უწყების გადაწყვეტილებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს ჩვენს ფინანსურ სისტემაში, დაუშვებელი იყო. ამიტომ პარლამენტმა ეს ხარვეზი გამოასწორა.გუშინ თავად ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ ვინ იქნებოდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამაში ეროვნული ბანკი არის სრულიად დამოუკიდებელი და ავტონომიური. აქედან გამომდინარე, მათ გადაწყვეტილებას სრულად ვენდობით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი რომ ვიცე-პრეზიდენტი გახდებოდა, ეს მოსაზრება თვეების განმავლობაში მუსირებდა, რადგან ხელისუფლების ოპონენტები და სფეროს ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ თურნავა სებ-ში ოლიგარქ ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან - მამაცაშვილი-ჩხარტიშვილთან ახლობლობის გამო მოხვდა.