ევროკომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ რეკომენდაციები შესასრულებელია - კელი დეგნანი
აშშ-ს ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ევრორეკომენდაციების შესრულება საქართველოსთვის არა მხოლოდ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ თავად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. კელი დეგნანის თქმით, ევრკომისიის რეკომენდაციები ჯერ კიდევ შესასრულებელია.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის კუთხით პოზიტიურ შედეგს მიიღებს, თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ინკლუზიურ პროცესში იქნება. დეგნანი იმედოვნებს, რომ ამოცანის შესასრულებლად და პროგრესის მისაღწევად ყველა გაერთიანდება.
ყველას კარგად ესმის, რომ რეფორმები, რომელიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში რთულია, თუმცა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ თავად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს სისტემის გაძლიერებისთვის. ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო 3 კრიტერიუმი და მოგიწოდათ მკაფიო გზამკვლევი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, მათ შორის, იყოს ინკლუზიურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. სწორედ ასე მიიღებს საქართველო პოზიტიურ შედეგს, კანდიდატის სტატუსს დეკემბერში, რომლის ხილვაც ყველას ასე გვსურს. თუმცა კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ეტაპები შესასრულებელია დეკემბერში პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თვეებში ყველა გაერთიანდება ამ ამოცანის შესასრულებლად რეალური პროგრესის მიღწევისთვის, - განაცხადა ელჩმა.