რუსეთის მოქალაქეებმა ბოლო 5 თვეში 3,369 საცხოვრებელი ბინა იყიდეს

23.06.23 15:51
რუსეთის მოქალაქეებმა ბოლო 5 თვეში 3,369 საცხოვრებელი ბინა იყიდეს

რუსეთის მოქალაქეებმა ბოლო 5 თვეში 3,369 საცხოვრებელი ბინა იყიდეს. ინფორმაციას დეპუტატი რომან გოცირიძე ავრცელებს. დეპუტატმა საჯარო რეესტრისგან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები, თუ რა ქონება შეიძინეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში.

დეპუტატის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში 10 ათას ბინაზე მეტი შეიძინეს.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 5000 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე, ხოლო, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, 2780 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ დააკმაყოფილა პოლიტიკური ჯგუფის ევროოპტიმისტების მიმართვა, დაწყებულიყო მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის დროებით შეჩერებას. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბიუროს ამ კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადავადების მოთხოვნით მიმართა, რაც ბიურომ დაუკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები