მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი სიტყვა, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური ხედვისადმი მის ერთგულებას - ფოტიგა
"მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი სიტყვა, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური ხედვისადმი მის ერთგულებას. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ვერ ვფოკუსირდებით," - ამ განცხადებას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ავრცელებს.
ფოტიგას თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის ნება ცნობილია, თუმცა, ხელისუფლების ქმედებები მოსახლეობის ნებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
მოხარული ვარ საქართველოს ყოველი ნაბიჯით, რომელსაც გადადგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თუმცა, საფრთხეებისა და გამოწვევების სიდიდე მოითხოვს ყველა ჩვენგანის - პოლიტიკოსის, ოფიციალური პირის, მედიისა და საზოგადოების გაბედულ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი სიტყვა, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური ხედვისადმი მის ერთგულებას. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ვერ ვფოკუსირდებით. ჩვენ ვცხოვრობთ გამოცდებით სავსე დროში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. მტკიცედ მჯერა, რომ ავაშენებთ აყვავებულ მომავალს არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან, არამედ საქართველოსთან ერთადაც“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
ევროდეპუტატი ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის სახელით მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაში უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს და იმედოვნებს, რომ საქართველო სტრატეგიულ კურსს შეინარჩუნებს. ანა ფოტიგა ამბობს, რომ სამივე ქვეყანა სწორ გზაზეა და ევროკავშირი უკვე უნდა მოემზადოს მიესალმოს მათ, როგორც ახალ წევრებს, რაც შეიძლება მალე.
ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი სისტემების ადაპტაციისა და საჭირო რეფორმების დანერგვის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება სამივე ქვეყანაში, რათა შენარჩუნდეს პოზიტიური შეფასება და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელს დაიწყოს. მივესალმებით უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”, - აცხადებს ფოტიგა.
ანა ფოტიგა მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხსაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი - ერთი, რომ შემცირდება დეპოლარიზაცია, მეორე, ამით გამოჩნდა სურვილი გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულების.
დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რასაც საქართველოს შემთხვევაში ბოლო თვეებში შევესწარით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი საქართველოს ხელმძღვანელობის ჭეშმარიტი პრიორიტეტი იქნება. ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც ვნახეთ მიმდინარე წლის მარტში, ოპტიმიზმით მავსებს ქვეყნის მომავლის მიმართ. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულებისკენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.