„აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები“ საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი - რუსული მედია

24.06.23 18:38
„აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები“ საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი - რუსული მედია

რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები“ საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი - ამის შესახებ რუსული მედია tass იუწყება.

ამავე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა.

„თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და აფხაზეთის რესპუბლიკის პროკურატურის პერსონალი გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა გააძლიეროს კონტროლი მდინარე ენგურსა და ფსოუს გასწვრივ სასაზღვრო პუნქტებზე და დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო ინციდენტი არ დაფიქსირებულა და ძალოვანი უწყებების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ არსებული მონაცემებით, PMC „ვაგნერის“ თანამშრომლებს შორის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არ არიან.

მსგავსი სიახლეები