რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობები, რომ ვიზიტი რაღაც სენსაციად, სკანდალად მონათლოს - არჩილ თალაკვაძე ო’სალივანზე
რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობები, რომ ვიზიტი რაღაც სენსაციად, სკანდალად მონათლოს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისა და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის ჯიმ ობრაიენის ვიზიტს.
თალაკვაძე სანქციების საკითხებში ევროკავშირის და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს და არ თვლის, რომ მათ ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი გზავნილები ექნებათ.
ყველა ადამიანი ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მიიღებს ფაქტებს და მიიღებს კონკრეტულ ინფორმაციას, რომ ეს წესები არის დაცული საქართველოში. ამიტომ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობები, რომ ეს ვიზიტი რაღაც სენსაციად მონათლოს, სკანდალურად მონათლოს, მაგრამ ეს არის საქმიანი ვიზიტი და ხელისუფლებას ექნება საქმიანი პასუხები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან. დევიდ სალივანი და ჯიმ ობრაიენი პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავენ. ვიზიტი ორდღიანი იქნება. სპეცმისია საქართველოში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა.
ობრაიენი სახლმწიფო დეპარტამენტის ის მაღალჩინოსანია, ვინც აგრესორი რუსეთის ელექტრონული საქონლით მომარაგება რუსული რულეტის თამაშს შეადარა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ბოლო გაფრთხილება იქნება, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში.