არ ვიცნობ ლევანს და თემაც არ ვიცი - კალაძე ლევან მამალაძის რუსულ კავშირებზე

26.06.23 14:42
არ ვიცნობ ლევანს და თემაც არ ვიცი - კალაძე ლევან მამალაძის რუსულ კავშირებზე

"არ ვიცი, არ ვიცნობ ლევანს და თემაც არ ვიცი," - ასე პასუხობს თბილისის მერი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე "პირველების" ჟურნალისტის კითხვას - რატომ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ლევან მამალაძეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება.

სახელისუფლებო გუნდის წევრს ლევან მამალაძესთან და მის რუსულ კავშირებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებს. არადა, სწორედ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდმა გამოსცა ამნისტია, რომელიც იმ დანაშაულებებს შეეხო, რის გამოც ლევან მამალაძე იყო გასამართლებული.

არადა, რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტური გამოძებით დაადგინა, რომ ლევან მამალაძეს ლუგანსკელ სეპარატისტებთან კავშირი აქვს.

2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მამალაძემ მოითხოვა პოლიტდევნილთა სიაში შეყვანა, თუმცა არც 2012 წელს და არც მარგველაშვილისთვის შეწყალების მიმართვის შემდეგ შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა. ამნისტირებულთა სიაში მოხვედრა ლევან მამალაძემ მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში მოახერხა. 

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ლევან მამალაძეს ყალბი პასპორტი აქვს - ლევ მოგილევსკის სახელზე. ამ საბუთების მიხედვით, ლევან მამალაძე, სოხუმში, 1970 წლის 15 იანვარს დაბადებული ლევ იოსების ძე მოგილევსკია. დოკუმენტები ყალბია. მამალაძე 1968 წლის 17 იანვარს თბილისშია დაბადებული.

უკრაინასა და რუსეთში ლევ მოგილევსკის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტისა და უკრაინული ბინადრობის მოწმობის გამოყენებას ლევან მამალაძე უარყოფს. ამბობს, რომ ეს საბუთები ლოზოვსკის სჭირდებოდა და იმან დაუმზადა, თვითონ კი „რაღაც“ დოკუმენტებს ისე აწერდა ხელს, არც კითხულობდა.

უკრაინელი ჟურნალისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მამალაძე ლუგანსკში რეფერენდუმის ორგანიზატორებთან თანამშრომლობდა და რუსეთის სპეცსამსახურების წვრილ-წვრილ დავალებებს ასრულებდა. დოკუმენტურად დასტურდება მისი კავშირი ლუგანსკის რეფერენდუმის ორგანიზატორებსა და სეპარატისტებთან.

უკრაინული მედია ლევ მოგილევსკის, იგივე ლევან მამალაძის სეპარატისტებთან თანამშრომლობის შესახებ წერდა. რადიო თავისუფლებამ მოიძია და შეისწავლა ვიდეო - და ფოტომტკიცებულებები, რაც ადასტურებს ლევან მამალაძის მონაწილეობას რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატისტების შეხვედრებში და სეპარატისტების ლიდერებთან კავშირს.

მსგავსი სიახლეები