ყვითელი ბარათი ხელისუფლებას - ბერდია სიჭინავა საქართველოში სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტზე
"ყვითელი ბარათი ხელისუფლებას" - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა საქართველოში სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ "ოცნება" სტრატეგიული პარტნიორის შეცდომაში შეყვანას შეეცდება, თუმცა ეს უსუსური მცდელობა იქნება, რადგან უკვე ყველამ იცის, რომ შესაძლოა, საქართველო რუსეთვისთვის სანქციების გვერდის ავლაში გამოიყენებოდეს.
რეალურად, ეს ყვითელი ბარათები უკვე ნაჩვენებია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები, მაგრამ ეს იქნება უსუსური მცდელობა იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირშიც, რომ საქართველო შესაძლებელია იმ ნაცრისფერ ზონაში შედიოდეს, რომელიც გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ მწვავე გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მოეგება გონს და ადეკვატურ პასუხებს არ გასცემს იმ კითხვებს, რომელიც არსებობს მის მიმართ, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან. დევიდ სალივანი და ჯიმ ობრაიენი პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავენ. ვიზიტი ორდღიანი იქნება. სპეცმისია საქართველოში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა.