შეწყვიტეთ პრეზიდენტის დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და გადავიდეთ დიალოგზე - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

26.06.23 15:26
შეწყვიტეთ პრეზიდენტის დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და გადავიდეთ დიალოგზე - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

"ოცნებამ" პრეზიდენტის მიერ წარდგენილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები ჩააგდო - ფაქტი რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ უკვე შეაფასა და მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, "შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა" და გადავიდეს დიალოგზე. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" პირდაპირ ამბობს, რომ კანდიდატების ჩაგდება პოლიტიკური განაცხადია.

"ყველა აკვირდებოდით კომიტეტის სხდომას, სადაც კანდიდატებთან და მათ პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ იყო. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, რომ ჩააგდონ კანდიდატები. მე არ ვიცი, ასეთი მიდგომა სადამდე მიგვიყვანს, სიმართლე გითხრათ, პოლარიზაციის გაღრმავებას ზუსტად ასეთი დამოკიდებულება უწყობს ხელს. ამიტომ მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეარბილოს, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე. ეს დაპირისპირება ავნებს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს, შეიძლება ქვეყნისთვის იყოს სავალალო. პოლარიზაციას აღვივებს ზუსტად უმრავლესობის ლიდერის განცხადებები და მოვიწოდებ, თავი შეიკავოს ასეთი განცხადებებისგან," - განაცხადა მსხილაძემ.

მისი თქმით, კონსტიტუცია არ აწესებს წინასწარი კონსულტაციების რეჟიმს. პრეზიდენტი შეარჩევს კანდიდატებს და წარუდგენს თავად. პარლამენტს თუ რაიმე შეკითხვა აქვს პროფესიული კუთხით, უნდა შეაფასონ, მხარი დაუჭირონ ან არ დაუჭირონ.

როგოგორც მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  პროფესიონალიზმთან და მათი დამოუკიდებლობის ხარისხთან არანაირი კითხვები არ აქვთ და უბრალოდ, ეს პოლიტიკური განაცხადია, რომ არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის კანდიდატურებს. 

პრეზიდენტის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ ამით პოლარიზაციის გაღრმავებაა, რაც ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

რაც შეეხება კონსულტაციებს, ზოგადად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება უმრავლესობის პრეზიდენტისადმი, პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, რადგან ქვეყანა დგას გზაგასაყარზე, მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვის. შუალედურ ანგარიშში გვითხრეს, რომ ფანჯარა ღიაა, რამდენიმე თვეა დარჩენილი, მოგვიწოდეს ყველა საკითხზე იყოს ფართო ჩართულობა, კონსულტაციები, ინკლუზიური პროცესი - ეს შეეხება ცესკოს, ეროვნულ ბანკს და ა.შ. რამდენიმე თვეა დარჩენილი, მოვუწოდებ უმრავლესობას, შეწყვიტოს ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ეს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს ავნებს, ამან შეიძლება ქვეყანას მოუტანოს დიდი საფრთხე- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები