მამალაძისა და ლუგანსკელი სეპარატისტების კავშირი - საქართველოს ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა

26.06.23 17:27
მამალაძისა და ლუგანსკელი სეპარატისტების კავშირი - საქართველოს ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა

 სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც ლევან მამალაძის ლუგანსკელ სეპარატისტებთან  კავშირები დგინდება - მას შემდეგ რაც "რადიო თავისუფლების" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სააკაშვილის მთავრობის მიერ დაჭერილი და ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ამნისტირებული მამალაძის ყალბი პასპორტი იპოვეს, ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს. 

ხელისუფლების ოპონენტები 2022 წლის აპრილში დაამტკიცებულ კოვიდამნისტიაზე ამახვილებს ყურადღებას, რის შემდეგაც  მაისში მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. მოეხსნა 19-წლიანი ძებნილის და ნასამართლევის სტატუსები.

"ლელო" მაშინვე ამბობდა, რომ კანონში ფარული ნიშნები იმალებოდა: 

"კოვიდ ამნისტიის კანონში გაჩნდა კიდევ ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომელთაც არაფერი კავშირი არ ჰქონდათ კოვიდთან, არაფერი კავშირი არ ჰქონდათ ლეგიტიმურ მიზანთან, რომელსაც ეს კანონი უნდა მორგებოდა და ეს იყო ფაქტობრივად გამჭვირვალეობის და შესაბამისი საჯარო დისკუსიის გარეშე ჩამატებული ჯგუფი, რომელშიც მათ შორის იყო ლევან მამალაძე და ჩვენ მაშინვე დავსვით ეს საკითხი იმიტომ, რომ ჩვენთვის გასაგები იყო როცა წავიკითხეთ ეს პროექტი ძალიან მარტივად იყო ამოსაცნობი აქ რაღაც ფარული ნიშნები იმალებოდა და დავსვით კითხვა, შეეხება ეს მამალაძეს და ხელისუფლებამ თქვა, რომ ის ამაში პრობლემას ვერ ხედავდა თუ ეს მამალაძესაც შეეხებოდა და დრომ დაადასტურა, რომ ის შეეხო ამ პირს. ხელისუფლებას არ აქვს უფლება საზოგადოებასთან მიღწეული შეთანხმების გარეშე იაროს ამ გზით და ეს პრობლემა რა თქმა უნდა პრაქტიკაში დადასტურდა, ჩვენი პოზიცია მაშინ იყო მართალი", - ამბობს "პირველებთან" "ლელოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

 პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ხელისუფლებისა და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების კოჰაბიდატციზე საუბრობს: 

"ჩვენ ვიცით, რომ მამალაძე არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი იმიტომ, რომ მას წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ძალიან სერიოზული და კანონმდებლობით და ლეგიტიმაციით ძალიან სწორი საეჭვო რეპუტაციის მთელი თავისი ბეგრაუნდით დავა სახელმწიფოსთან სახელმწიფოს მხრიდან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვინ არის დღეს ამ ხელისუფლების მხარეს, ვინ არიან რეალურად ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერენ ამ ხელისუფლება და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმის გულისთვის, რომ მიუხედავად მათი წარსულისა, მათი რეპუტაციისა ამ ხელისუფლების სამსახურში ჩადგნენ", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მმართველი ძალის წარმომადგენელი, მიხეილ სარჯველაძე, რომელიც თავის დროზე ამნისტიას ლობირებდა, დღეს თავის მართლების რეჟიმშია. 

მისი თქმით, 2022 წელს ამნისტია გაცილებით მეტ ადამიანს შეეხო და არა 9 პირს, როგორც ამას ჟურნალისტები ავრცელებენ. რაც შეეხება მამალაძეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილი მაღალჩინოსნის გათავისუფლებას რელევანტურს უწოდებს, რადგან მამალაძე მძიმე ბრალდებისთვის არ იყო მსჯავრდებული:  

"მე მგონი რაოდენობა ცოტა მეტი გამოდის, არ არის ეგრე, რომ ვარაუდები სხვანაირი იყო. მე მგონია, რომ არასწორად ხართ ინფორმირებული. მაგ პუნქტის მიხედვით, რამდენიმე ათეული რიცხვი მოსალოდნელია ადამიანების, ვისაც შეიძლება პოტენციურად შეხებოდა, შესაბამისად რამდენია ეს რიცხვი ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით. სხვათა შორის ამოწურული არ მგონია დღემდე, რომ იყოს, მაგრამ იქ არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც უკვე შეეხო, რომელსაც შეიძლება მომავალშიც შეეხოს. იყო ლაპარაკები იმასთან დაკავშირებით შორსმიმავალ დასკვნებს აკეთებდნენ, რომ ეს უნდა შეხებოდა ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძეს და მერე ნახა საზოგადოებამ, რომ მათ არ შეხებიათ, შეეხო ერთ შემთხვევა აღმოჩნდა წინასწარაც იყო ამასთან დაკავშირებით ლაპარაკი, რომ შეიძლება შეხებოდა ლევან მამალაძეს, როგორც ჩანს მას შეეხო ეს ამნისტია, როგორც გაირკვა, მაგრამ მასთან ერთად ასევე სხვა ადამიანებსაც შეეხო. გავითვალისწინოთ, რომ საუბარია არა ძალადობრივ დანაშაულზე, რომლის შემდეგაც გასულია საკმაოდ დიდი პერიოდი", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები