ხელჩართული ჩხუბი ბათუმის საკრებულოში - მმართველი პარტია სხდომიდან ოპოზიციის გაძევებას ცდილობდა
ხელჩართული ჩხუბი ბათუმის საკრებულოში. დღეს დეპუტატებმა ლამის ერთმანეთი სცემეს. ყველაფერი პოლიტიკური ბრალდებებით დაიწყო, ამის შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირების მიზეზი ბათუმში და ზოგადად ქვეყანაში რუსული გავლენის გაძლიერება იყო. რომ არა გამშველებლები, ბათუმის საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთის ცემას აპირებედნენ. მმართველი პარტია ოპოზიციის გაძევებას ცდილობდა.
სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები ბათუმში რუსულენოვანი კაფე-ბარებისა და სალონების გახსნას აპროტესტებდნენ
ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრს ბათუმის მერია საჯარო ინფორმაციას არ აწვდის.
რეზო ხარაზის თქმით, ქალაქში არსებულ ქაოსურ მშენებლობებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე შეკითხვები აქვთ.
ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების” წევრი ნატალია ზოიძე აცხადებს, რომ რუსულ წარწერებთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს ახორციელებს. მისი თქმით, ფაქტის გამო რამდენიმე ობიექტი უკვე დაჯარიმდა.
“მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებულია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ენაზე წარწერა არ არის ან შრიფტი პატარაა. რეაგირება გაგრძელდება, რათა საქართველოს კანონმდებლობას პატივი სცეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ. 30 ობიექტი დაჯარიმდა, 20 შემთხვევა გამოსწორდა, 10 დემონტირებული იქნა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის მიღებას, ჩვენ გამოგვითხოვია ინფორმაცია მერიიდან და საკრებულოდან და მიგვიღია.
საკრებულოს წევრს პრობლემა არ ჰქონია”, - განაცხადა ნატალია ზოიძემ.