ცესკო ვერ შექმნის სანდოობის იმ ხარისხს, რა ხარისხიც სჭირდება არჩევნებს - ნაცვლიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე
პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს, თუმცა, ფიქრობენ, რომ ვეტო იძლევა შესაძლებლობას შევიდეს ცვლილებები კანონპროექტში და გათვალისწინებული იყოს შარლ მიშელის შეთანხმება.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ახალი წესით დაკომპლექტებულ ცესკოს სანდოობის მაღალი ხარისხი არ ექნება.
ცესკო ვერ შექმნის სანდოობის იმ ხარისხს, რა ხარისხიც სჭირდება არჩევნებს, რომ დემოკრატიის წინსვლა უზრუნველყოს, ამიტომ, პრობლემა არის მძიმე. პრეზიდენტის ვეტო ვფიქრობ, რომ არის სწორი ნაბიჯი და ამავე დროს მნიშვნელოვანი იქნება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გამოყენებულ იქნას და ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნის მომზადება ეთხოვოს შესაბამისს ორგანოებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები დეპუტატ ხატია დეკანოიძისთვის დამადასტურებელი იყო იმისა, რომ პრეზიდენტის წარდგენილ წინადადებებს მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს.
არც მქონია ილუზია, რომ ვეტო არ დაიძლევა, ამიტომ, შესაძლებელია 90 ხმით კონსენსუსის მიღწევა ყოფილიყო შესაძლებელი, მაგრამ მე ამის ილუზია არანაირად არ მაქვს... პრაქტიკულად გუშინ დადასტურდა მათი განცხადებების შემდეგ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ არცერთ შემთხვევაში ამ ადამიანებს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებს და მისი შენიშვნები მიუღებელია.