კინოცენტრის ახალი დირექტორი შვებულებაშია - კულტურის სამინისტროსთან აქცია დაიწყო
„ქართული კინო საფრთხეშია“ - კულტურის სამინისტროსთან აქცია დაიწყო. კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ წულუკიანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 6 საათზე იწურება. კინოცენტრის თანამშრომლები მინისტრს საჯარო დიალოგისკენ მოუწოდებენ.
წულუკიანის რეპრესიების წინააღმდეგ სამინისტროსთან მსახიობები,რეჟისორები და სცენარისტები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - შეჩერდეს კინოცენტრში რეორგანიზაცია, შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი და ახალი დირექტორი კონკურსის საფუძველზე დაინიშნოს.
კინოცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი დირექტორი კობა ხუბუნია შვებულებაში არის გასული. ხუბუნია წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორად 11 ივნისს დანიშნა.
ახალი ამბები რაც გავიგეთ ის არის, რომ ბატონო კობა ამ ციებ-ცხელების დროს გასულა შვებულებაში და მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობის შემსრულებელი დატოვა, ცოტა ირონიული შემთხვევაა,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
კინოცენტრის თანამრომლები და ქართული კინოს გულშემატკივრები მესამე კვირაა ამ მოთხოვნით ქუჩაში დგანან. უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კინოცენტრის ახალი ხელმძრვანელობა და კულტურის მინისტრი მათ არ შეხვედრია.
აქციის მონაწილეები ოფიციალური წერილის შეტანას გეგმავენ პარლამენტშიც, კინოცენტრის თანამშრომლები ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივლენ და რეორგანიზაციის პროცესების შეწყვეტას მოითხოვენ.